logo
ENG



"გამგეობა ამ წუთიდან პიკეტირებულია" - აფრიკის დასახლების მცხოვრებლები აქციას მართავენ

14 თებ 202217:39
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. აფრიკის დასახლების მცხოვრებლები ისანი-სამგორის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მერიისგან მიიღეს გაფრთხილების წერილი, რომლის თანახმადაც მათი სახლების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

აქციის მონაწილეებს გამგეობაში ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული. ისინი ამბობენ, რომ შენობა პიკეტირებული იქნება იქამდე, სანამ ადგილზე კალაძე არ მივა და მერია სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის. 

"ეს გამგეობა აღარ არის ლეგიტიმური. მან დაკარგა ხალხის ნდობა. ამ გამგეობას ხალხი ყოველდღიურად სტრესში ჰყავს და ისინი ელოდებიან ყოველ დღე სახლების დანგრევას. ვითხოვთ იმას, რომ აქ უნდა მოვიდეს კალაძე და გაგვცეს პასუხები. გამგეობა ამ წუთიდან არის პიკიტირებული. აქ ვისხდებით მშვიდობიანად და ველოდებით კალაძეს. ამ ხალხს ხომ ამყოფებთ სტრესში, ახლა ბატონი კახი უნდა იყოს სტრესში. შენობაში გავჩერდებით იქამდე, სანამ ამ ადამიანებს ეს მიწები არ დაუმტკიცდება. ასევე მივმართავთ ყველას - დღეს ვიწყებთ სოციალურ აფეთქებას, ეს არის ის მუხტი, რომელიც უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უსახლკაროდ. დღეს ვიწყებთ ამ გამგეობის პიკეტირებას და ხვალ თუ ზეგ იქნება, თუ რამდენი ხანიც დასჭირდება ბატონ კახის, რომ დაჯდეს თავის პორშეზე, მოვიდეს აქ და დაგველაპარაკოს, მანამდე აქ ვიქნებით. თუ არ დააკმაყოფილებს, ხვალ ყველა გამგეობა იქნება პიკეტირებული", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში გამოავლინეს რამდენიმე შენობა, რომელიც მერიის თქმით, უკანონოდ არის აშენებული და მათ დემონტაჟს განახორციელებდნენ. 

მანამდე 28 იანვარს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ნგრევა დილის 7 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის დანგრეულია 5-ზე მეტი სახლი.


close დახურვა